Saturday, March 31, 2018

ფოტო ამბავი "ოქროს თევზი"




ვფიქრობდი.

ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ ამჯერად რომელი ამბავი მომეყოლა თქვენთვის. 

ხან ხომ არსებობს ისეთი პერიოდი, როცა არ იცი რა თქვა, რა გააკეთო.

როგორც ნებისმიერ ხელოვანს, ფოტოგრაფსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს შემოქმედებითი კრიზისი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ მას.

რთულია ერთი და იმავე გარემოში მუდამ განსხვავებული აკეთო.

თუმცა, შეიძლება პირიქით მოხდეს და ერთფეროვანი ყოველდღიურობა მეტი სტიმული იყოს ახალი და განსხვავებული იდეის განსახორციელებლად.

ბოლოს ძალა მოვიკრიბე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ახლაც უნდა მესაუბრა თქვენთან ამ ფორმით.

მე ეს მჭირდებოდა.

შეიძლება თქვენც.

როგორც თითოეული თქვენთაგანი, მეც ვებრძვი საკუთარ თავში იმ თვისებებს, რომლებიც ხშირად ხელს მიშლიან ვაკეთო რაიმე, უმნიშველოც კი.

ხშირად ვამარცხებ და ერთ დღესაც თუ ვერ შევძელი, ვერც მორიგ ამბავს მოგიყვებით.

არ მინდა ასე მოხდეს. არც მოხდება.

ბავშვობაში ათას სხვადასხვა ნივთს ვაგროვებდი, მერე მათი გადაყრა მიძნელდებოდა და ოთახი უამრავი წვრილმანით მქონდა სავსე.

მას მერე ცოტა გადავეჩვიე, მაგრამ დღესაც ხანდახან მახასიათებს მსგავსი აკვიატება.

აი, რამდენიმე კვირის წინ პოლიეთილენის ფერადი პარკების შეგროვება დავიწყე.

მართლა არ ვიცი რატომ.

მათი ხსენებისას ყველას ნაგავი, დაბინძურება გვახსენდება.

შეიძლება ესეც იყო მიზეზი, რომ ნეგატიურის გარდა სხვა დატვირთვაც შეიძლება ჰქონოდა.

რატომაც არა?!

ერთ არაფრით განსხვავებულ, მოწყენილობით გაჟღენთილ დღეს, მზე ჩასვლის პირას იყო, ჰორიზონტს უახლოვდებოდა. განათებაც არაჩვეულებრივი იყო გადაღებისთვის, აი, ისეთი „ოქროს საათს“ რომ ვეძახით.

უცებ შევამჩნიე, თუ როგორ ეცემოდა მზის სხივი ოთახში ქაოტურად მიმობნეულ პოლიეთილენის პარკებს.

საინტერესო არა ეს პროცესი, არამედ მისი შედეგი, ფერები იყო.

განსაკუთრებით საინტერესო ფერებად ნარინჯისფერსა და ყვითელ პარკში შემოღწეული სხივები გარდაიქმნებოდა.

„ოქროს თევზს" ჰგავდა.

ზღაპრების სამყაროში „ოქროს თევზს“ ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, მაგრამ რეალობაში ხომ ვიცით, რომ ასე არ ხდება.

მგონია, რომ ჩვენც შეგვიძლია საკუთარ თავს სურვილი ავუსრულოთ.

ან ხომ შეიძლება, რომ თავადაც ვიყოთ „ოქროს თევზი“.

რატომაც არა?!

პ.ს. შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ^_^























ავტორი:  თამარ შოშიტაშვილი










0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...