Sunday, March 12, 2017

განა მაგაზეა, მაგრამ . . .






გუშინ ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან კამათი მომივიდა.

მიმტკიცებდა რომ მხოლოდ საუბარი შემეძლო და მე კი პირიქით.

ჩვეულებრივი ბრაზილიური სერიალის სცენარია, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ ჩემმა მონაყოლმა სრულიად შეცვალა კამათის რაკურსი, უფრო სწორად მეტი დამაჯერებლობა შესძინა ჩემს პოზიციას.

ჩემი პოზიცია კი ასეთი იყო. ვუმტკიცებდი, რომ დრო უნდა ყველაფერს. რომ, დროში გამოწრთობილი და განვითარებაზე ორიენტირებული აუცილებლად მიაღწევს მიზანს, ვიდრე ის ვისაც დღეს უფრო მეტი რესურსი აქვს და "დიდზე ყვირის." 

ომის ენაზე რომ ვთქვათ, ის მიმტკიცებდა რომ მე ბრძოლა წავაგე და მე ვუმტკიცებდი რომ მე ბრძოლის წაგებით არაფერი მაკლდება, რადგან მთავარი ომის მოგებაა და არა ერთეული ბრძოლების.

ისტორიულ წიაღსველებს რომ შევეშვათ და მთავარზე გადავიდეთ, საქმეში იმ ქრონოლოგიას ჩავრთავ, რომლითაც მეგობარს ვესაუბრებოდი. 

ქრონოლოგია, ისტორიის დიდი მონაკვეთის გახსენება მაძლევს სწორედ იმის თქმის უფლებას რაც ამ სტატიას ქვია სახელად - განა მაგაზეა, მაგრამ . . . 

მეგობარი მიმტკიცებდა რომ მთავარია დღეს ამ წამს რა ტექნიკას ვფლობ და რა შემოსავალი მაქვს. მნიშვნელოვანია ხვალ რა მეჭირება და არა ის გამოცდილება რაც გასულ წლებში მივიღე და არც ის გეგმები, მომავალ ხუთ წელში რომ დამილაგებია.

მე კი მგონია რომ ყველა ასეთი ოპონენტი დიდ შეცდომაშია შესული, რადგან სურათს ძალიან ახლოდან და ლოკალურად აკვირდება. ის უყურებს ხაზის შუა წელს, რომელიც რეალურად ლიანდაგს შეგვიძლია შევადაროთ. ის იმ "b" პუნქტზე გაჩერებულ მგზავრს გავს, რომელიც წუწუნშია და არ უყურებ მატარებელის "A" და "С" პუნქტებს.

2004 წელი იყო რეპერობას რომ თავი დავანებე და  რადიოში დავიწყე მუშაობა. 2005-ში ტელევიზიაში წავედი. 2009-დან "Go Group Media"-ში თელავურ სერიებს - დოკუმენტურ ფილმებს ვამზადებდი. 2010-დან ჟურნალი "თელავური სერიები" დავიწყეთ. 2011-ში საბერძნეთში წავედი და ყველაფერი დროებით გაჩერდა. 2012 დავბრუნდი და ფოტოგრაფიის სწავლა დავიწყე. 2013-ში საკუთარი კამერა ვიყიდე და თელავის უნივერსიტეტში ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი გავხდი 2016 წლამდე. 2014-ში "უცხოგრაფი", ფოტო სტუდია დავაფუძნე. ის თავიდან იყო მხოლოდ გიო ბეჟანიშვილის გვერდი. მერე ივნისიდან ბლოგიც დაემატა. ისიც მხოლოდ გიოსი. 2015 წლიდან გადაღებებზე გავედი და გუნდს დაემატა ხოსე, ნინო, მამუკა, მარიამი, თამარი, დათო, ლევანი, დათო. 

2017 წელია და 7 ადამიანი ვწერთ ფეისბუქის დახურულ ჩატში ერთმანეთს. ჩატში რომელსაც "უცხოგრაფის რედაცია" ქვია, იქვე ჩვენი თვის სტუმარი მარიამიც გვადევნებს თვალს. ხვალ ჩატში ახალი ვებსაიტის გეგმა უნდა წარვადგინო, ვზივარ ვწერ და ამდროს ძველი მეგობარი რაღაც ქორწილის გადაღებებსა და ხვალ რამდენი უნდა ვიშოვო იმაზე მესაუბრება. 

ვდგავარ მის წინ და ვფიქრობ ნუთუ ეს 2004 - დან დაწყებული მედია და არტ საქმიანობა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ კამათში ჩემი მიმართულება შევიტანო, რომელიც არა იმას ეფუძვნება დღეს რომელ სტუდიას რა ტენქნიკა თუ ლინზები გააჩნია, ან ვის რამდენი სკოლა უკვეთავს ბანკეტის გადაღებას, არამედ იმას თუ რა კომპლექსურ ინდივიდთან გვაქვს საქმე, რომელსაც "უცხოგრაფი" ქვია. 

თავმდაბლობის მაკონტროლებელი შინაგანი აპარატი სრულ კრახს განიცდის და მე ვამბობ სიტყვებს რომელიც ძალიან არ მიყვარს: განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა, მე რომ 2004 წელს დავიწყე . . . და იმ ციკლს ვხატავ ხელით რომელიც 2004 წლიდან ჩემს განვითარებას უკავშირდება 2014-მდე და იმ ახალ ჰორიზონტებს რომელსაც სტრატეგიული განვითარების გეგმა "უცხოგრაფი 2024" აერთიანებს. 

ამ გრაციოზული მოძრაობების ფონზე იმის შეხსენება რომ ეს თელავია და რეალობა კი ისაა, რომ ვიღაც ჩემზე მეტ ქორწილის შეკვეთას ღებულობს, ბოლომდე მიკარგავს იმედს. იმედს იმის რომ ვიზიტორს რომელიც ჩემ გვერდს ნახულობს არ მივაჩნივარ რიგით გადამღებად, იმედს რომ ის არ ფიქრობს რომ იყიდის მხოლოდ დროს და ტექნიკას და არა იდეას. იმედს რომ ბუნებაში კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებიც აღიარებენ და აღფრთოვანდებიან ვიზუალური ამბის თხრობის ჟანრის მაღალი ლეველით. რომელიც განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა ასე ძლიერ განსხვავდება სხვების მიერ მომზადებული მასალებისგან. 

იმედგაცრუებული, რომ ამას ჩემივე მეგობარი ვერ ამჩნევს და ლოგიკურად აბა სხვა როგორ შეამჩნევს, ვეცემი კედელს და ვცდილობ ერთიანად დავხიო ყველა ოპერაციების სახელმძღვანელო ან ის A3 ფორმატებზე ჩამოწერილი გეგმები, რომლებიც ჩემი საძინებლის შპალერად ქცეულა. ვცდილობ გავხდე უბრალო ხელოსანი, რომელიც დღიდან დღემდე დაადგება შარას, რომელიც დღის ბოლოს მას აუცილებლად დაასაჩუქრებს. მართალია მცირედით, მაგრამ იმით, რითაც თელავში თავს გაიტანს კაცი. 

გადამღებობის როლის მორგების რისკი იმდენად მაღალია, რომ ბრძოლაში ლამის ვმარცხდები. თავდახრილი ვდგევარ 10 -15 წლიანი ევოლუციური თაიმლაინის წინ და თავს ვაჯერებ, რომ ეს არაფრის მომცემია, რომ იმედი ეს ის უკანასკნელი ნაძირალაა, რომელიც ჩემს მოტყუებასა და უფსკრულში გაშვებას აპირებს. რომ ოცნება ტატოსეულია და ის მე-19 საუკუნეში მოკლეს. რომ დღეს კაპიტალიზმი და მონოპოლია მართავს ქვეყანას და თუ ხვალინდელი ლუკმა მსურს აუცილებლად უნდა დავხიო და დავივიწყო ყოველნაირი წარსულის გზა და მომავლის დიადი განვითარების გეგმები.

ის დროა ყველას რომ სძინავს და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. 

ის დროა როცა როგორც ფოტო სტუდიის ხელმძღვანელმა უნდა ავირჩიო ვიყო გადამღები და დავემორჩილო მარტივ სქემებს, რომელიც ძირითადად წაგლეჯვასა და გამოხრაზეა დაფუძნებული, თუ ვიყო მეოცნებე, რომელსაც გზას გაუნათებს წარსული გამარჯვებები. მომავალს კი თანამოაზრეების მხარდაჭერა. ასეთები კი ბევრი არიან. მერე რა რომ ხვალ შეკვეთაზე არ მივდივარ. მერე რა რომ ხვალ ბოლო თეთრები უნდა გავიდეს ჩემი საფულიდან. მთავარი ხომ იდეაა და არა. . .

და არა . . . იცით რაც არაა მთავარი!

მე ვიცი - იცით!

სწორედ ამ იმედით რომ თქვენ ეს იცით, სწორედ იმ გამოცდილებით, რომელზეც ვიტყოდით - განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა, ძირს დაცემულ და ნაკუწებად ქცეულ ფურცლებს ისევ ერთად ვუყრი თავს. ვაკრავ კედელზე და ვიხსენებ, როგორ გადავიღე ჩემი პირველი დოკუმენტური ფილმი 2009 წელს, როგორ დავარწმუნე 10-მდე ჩემზე გამოცდილი და უფროსი ადამიანი 2010 წელს ერთად ჟურნალის დაარსებაში. როგორ შევიძინე საქორწინო ბეჭდების დალომბარდებული ფულით ჩემი პირველი კამერა. როგორ გავბედე და მივატოვე ყველა სამსახური 2015 წელს, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ მე მხოლოდ ფოტოგრაფიისთვის ვიყავი დაბადებული. 

ვიხსენებ ამ ყველაფერს და ვხვდები რომ იდეა!!! აი რა არის მთავარი! და კიდევ ჟინი, აკვიატებულობა!!! მილიონი ტალანტი ჩამქრალა, მაგრამ სწორად დასმული იდეა და ჟინი არასოდეს გაქრება. 

იმასაც შეგუებული ვარ, ხვალ ისევ სილასავით შემომეწვნება სატელეფონო ზარი, საიდანაც ვიღაც გადამღებს იკითხავს, აი იმას ვისაც კამერა აქვს და იცის როგორ დაამონტაჟოს. იმ ტექნიკოსს, რომელიც ჩემში ყოველთვის ებრძოდა მეწარმეს, მეოცნებეს და რომელმაც საბოლოოდ კრახი განიცადა. 

რადგან მთავრი არა ტექნიკა არამედ იდეაა!!!

და მაინც ჩემი მეგობრის აზრით შინაგანი დუღილები არაფერია და არც წარსული გამოცდილებაა მთავარი.

მე კი ისევ იგივე აზრზე ვრჩები რომ "განა მაგაზეა, მაგრამ . . ."

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


3 comments:

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...